-
2014-12-27 23:33
რუსეთის დედაქალაქში ამ დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან, პირველ რიგში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მაღალი დონის „კანონიერი ქურდები“ იკრიბებიან და ყველაზე მასშტაბური ე.წ. სხოდკის (კრიმინალურ ავტორიტეტთა თავყრილობა) ჩასატარებლად ემზადებიან.
როგორც ცნობილი გახდა, მოსკოვში უკვე ჩავიდნენ ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთში მცხოვრები დავით სებისკვერაძე და ევროპასა და ყაზახეთს შორის „მოგასტროლიორე“ ვაჟა ბიგინაშვილი.
„როსბალტი“ სამართალდამცავების ზედა ეშელონების წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „სხოდკის“ თარიღი ჯერ არაა გარკვეული, თუმცა, დიდი ალბათობით, ის ახალ წლამდე შედგება.
არაა ცნობილი, როგორ იმოქმედებენ სამართალდამცველები. ერთერთი ინფორმაციით, იმისთვის, რომ პოლიციამ „სხოდკის“ ჩატარებაზე თვალი დახუჭოს, „ქურდული საერთოდან“ სოლიდური თანხა გამოიყო და კონკრეტულ ადრესატებამდე მივიდა კიდეც.
გავრცელებული ინფორმაციით, „სხოდკის“ გამართვის ინციატორი რუსეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნებულ შაქრო კალაშოვია. სავარაუდოდ, თავყრილობაზე განხილვის თემად იქცევა შიდა დაპირისპირებები, რომლებმაც ცალკეული, ძალიან სერიოზული კონფლიქტების სახით იჩინა თავი ბოლო თვეების განმავლობაში, ძირითადად, „დედ ჰასანისა“ და მერაბ ჯანგველაძის კლანის წარმომადგენლებს შორის.
ძირითადი გადაწყვეტილებები დაიგზავნება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და ცნობილი გახდება „თავისუფლებაზე“ მყოფი კრიმინალებისთვისაც: ამაზე ოდითგან არსებული და ეფექტური შეტყობინების საშუალებების გამოყენებით თავად ავტორიტეტები იზრუნებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ გადაწყვეტილებების ზურგსუკან ასზე მეტი გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ იდგება, მათი აღსრულება ყველასთვის ნომერ პირველი ამოცანა უნდა გახდეს და, სავარაუდოდ, ამ მოცემულობაში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერი შეიცვლება.