-
2014-11-20 15:04
სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას N8 საპყრობილეში პატიმრების დაბმის შესახებ. სამინისტროს ცნობით, არსებობდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პატიმრების მიერ თვითდაზიანების განმეორებით მიყენების რისკი, რის გამოც ისინი ხელბორკილის გამოყენებით დააბეს.
„გამოძიებით დგინდება, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს ერთ-ერთ საკანში განთავსებულ 6 მსჯავრდებულს დაუფიქსირდა ალკოჰოლური თრობის ნიშნები, რის შემდეგაც, მათი გადაყვანა მოხდა გონივრული განთავსების განყოფილებაში. ორი მათგანი (მ.ფ და მ.უ.) გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ თანამშრომლებს, იმუქრებოდნენ, რომ მიიყენებდნენ თვითდაზიანებებს, რაც განხორციელდა კიდეც ერთ-ერთის (მ.უ.) მიერ.
ვინაიდან მსჯავრდებული აღელვებული იყო და არსებობდა თვითდაზიანების განმეორებით მიყენების რისკი, დაწესებულების თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება სპეციალური საშუალების, კერძოდ, ხელბორკილის გამოყენების შესახებ როგორც მ.უ-ს, ისე მ.ფ-ს მიმართ, რომელიც ასევე აგრესიულად იქცეოდა.
გადაწყვეტილება დადასტურებულია ოქმით. ამას გარდა, არსებობს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით, საკანში განთავსებული მსჯავრდებულების სისხლში დაფიქსირებულია ალკოჰოლი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.