ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვანუატუმ გააუქმა აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების შესახებ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება.

 

თავდაპირველად ამის შესახებ „ფეისბუქზე“ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე განახლებული ე.წ. “ქავერის” ფოტოს წარწერიდან გახდა ცნობილი. გარეკანის ფოტოზე გამოსახულნი იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ვანუატუს პრემიერმინისტრი მოანა კარკასესი, რომელიც ქვეყნის პირველი პირია 2013 წლის მარტის ბოლოდან. რაც შეეხება აფხაზეთის აღიარებას, გადაწყვეტილება ამის შესახებ ვანუატუს წინა პრემიერმინისტრმა მიიღო.

 

ცნობა ვანუატუს მიერ აღიარების უკან წაღების შესახებ დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. შეგახსენებთ, რომ ვანუატუ, ტუვალუ და ნიკარაგუა პირველი სახელმწიფოები იყვნენ, რომლებმაც რუსეთის შემდეგ, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

ხელვაჩაურში 17 წლის გოგონა გააუპატიურა პირმა, რომელმაც სასჯელი ახლახან მოიხადა

15 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ე.წ მესამე გოროდოკის დასახლებაში 17 წლის მოზარდი გააუპატიურეს.

 

შემთხვევა ღამით, 22:30 საათზე მოხდა. ეჭვმიტანილმა მოზარდი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა და კორპუსიდან მოშორებით ავტოფარეხების უკან გაიყვანა. შემთხვევის ადგილს დედამ მეზობლების დახმარებით რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად მიაკვლია.

 

როგორც მეზობლები აცხადებენ, ეჭვმიტანილი, მანამდე ციხეში ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა და ამავე დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მეზობლებთან კონტაქტი იშვიათად ჰქონდა.

 

17 წლის გოგონას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება და ძალადობის კვალი აღენიშნება. საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი არჩილ სურმანიძე იძიებს. გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სატელევიზიო კომენტარისგან სამართალდამცავები თავს იკავებენ.

ლონდონში საქართველოს საელჩოს წინ 17 მაისის ძალადობა დაგმეს

17 მაისს თბილისში, ლგბტ საზოგადოების წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გამოვლენილი ძალადობის დასაგმობად დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს.

 

ამის შესახებ „ნეტგაზეთი“ იუწყება და აქციის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებიც თავად აქციის მონაწილე სტუდენტებმა გამოცემას მიაწოდა.

 

„ნეტგაზეთის“ ცნობით, საპროტესტო აქცია 1 საათს გაგრძელდა და მას 20-მდე ადამიანი ესწრებოდა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ლგბტ სიმბოლო - დროშა ცისარტყელას ფერებით, ასევე ტრანსპარანტები წარწერით: ”დაისაჯონ მოძალადე მღვდლები”.

 

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს საელჩოში მიმართვა დატოვეს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა შეძლოს მომხდარი ძალადობის გამოძიება.

 

ინფორმაცია და ფოტო - "ნეტგაზეთი"

რასმუსენი: ნატოს კარი სუპერმარკეტის კარი არ არის, რომ მიახლოებისთანავე გაიღოს

"საქართველოს უახლოეს მომავალში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა", - განცხადება ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ლუქსემბურგში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა.

>>>

„აქციის მონაწილეები მღვდლებმა და დემონსტრანტებმა დაარბიეს“ - უცხოური პრესა 17 მაისზე

უცხოური მედია თბილისის ცენტრში ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის დარბევას ეხმაურება.

 

"ეს არ იყო მემარჯვენე ექსტრემისტთა ბრბო. ესენი ჩვეულებრივი ქართველები იყვნენ: ზოგიერთი ერთობ პატივსაცემი მოხუცი ქალბატონი იყო, ასაკიანი მამაკაცები და კარგად ჩაცმული ახალგაზრდები. მათ ლიდერობას ეკლესიის მღვდლები უწევდნენ. გაშმაგებულმა ბრბომ ადვილად გაარღვია პოლიციის კორდონი და ქვები დაუშინეს იმ ავტობუსს, რომელშიც პოლიციამ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები მოათავსა", - იტყობინება "ბიბისი".

 

"არა მენტალურ გენოციდს", "არა ჰომოსექსუალებს" – ასეთი სლოგანებით დაუპირისპირდნენ ძირითადად ახალგაზრდებით შემდგარი ბრბო ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველებს, რომელთა 50-კაციან ჯგუფს ჰომოფობიის წინააღმდეგ დემონსტრაციის გამართვის სურვილი ჰქონდათ. თუმცა, ათასობით ადამიანმა მათ ქვები და კვერცხები დაუშინა. მიუხედავად დაპირებებისა, პოლიციამ ვერ შეძლო "იდენტობის" წარმომადგენელთა აქციის გამართვის უზრუნველყოფა. მომხდარი მოგვიანებით დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა," - წერს "ნიუ იორკ თაიმსი".

 

"საქართველო ერთ-ერთია იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელიც კანონით კრძალავს ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციას. თუმცა, ტრადიციულ ორთოდოქსულ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა ნორმიდან გადახრად ითვლება. შედეგად ჰომოსექსუალი ადამიანები ხშირად ხდებიან ძალადობისა და შეურაცხყოფის სამიზნე", - აღნიშნავს Daily Mail.

 

"საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე დრამატულად დასრულდა. აქციის მონაწილეები მღვდლებმა და ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ მებრძოლმა დემონსტრანტებმა დაარბიეს. რელიგიურ და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი დემონსტრანტები თბილისის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ და ეროვნულ სლოგანებს სკანდირებდნენ", - წერს "ევრონიუსი".

 

"დემონსტრაციამდე ორი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სექსუალურ უმცირესობებს "იგივე უფლებებები აქვთ, რაც სოციალური ფენების სხვა წარმომადგენლებს" და რომ საზოგადოება ამას "თანდათანობით მიეჩვევა". თუმცა, თუ თბილისში 17 მაისს განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ, ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასასვლელი", - წერს Foreign Policy.

17 მაისის აქციასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში გუშინ მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

 

ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა. მისივე თქმით, გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა.

 

გიორგობიანი აცხადებს, რომ კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და ასევე, რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი დღეს „ევროვიზიის“ ფინალში იმღერებენ

ევროვიზიის ფინალი დღეს გაიმართება. უკვე ცნობილია რომ 58-ე ევროფესტივალის ფინალში ქართველი მონაწილეები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად მასპინძელი ქვეყნის შვედეთის და "დიდი ხუთეულის" (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) წარმომადგენლები - შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი გადადიან.

მეორე ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად ერთობლივად (50%/50%) გამოავლიეს.

"Amnesty International" საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "Amnesty International" თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

 

ორგანიზაციის შეფასებით, თბილისში პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების დაცვა ათასობით ადამიანის თავდასხმისგან, ორგანიზებულ ჰომოფობიას კი არაეფექტური პასუხი გასცა. 

 

ძალადობის გამო 17 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 12-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი. დაშავებულთა შორის 3 პოლიციელი და ერთი ჟურნალისტია.

 

"ირონიულად, ეს სამარცხვინო ძალადობა დაემთხვა დღეს, როდესაც მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავენ. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გრძელი გზა აქვს გასავლელი შემწყნარებლობის ხელშეწყობისა და ლგბტ ჯგუფებისა უფლებების დაცვის კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

"ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ძალადობის ფაქტები და პასუხი აგონ მათ, ვინც კანონით დასჯადი ქმედება ჩაიდინა", - აღნიშნავს ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ დალ-ჰუისენი.

ექსკლუზივი: „სმარტის“ წინ ათამდე მოზარდმა „პიდარასტული თმების“ გამო ბიჭები სცემა

რადიო „აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, „სმარტის“ წინ საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და დაცის პოლიციაა კონცენტრირებული, სადაც ათამდე მოზარდმა ორი გოგო და ორი ბიჭი სცემა.

 

„აფხაზეთის ხმის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, რომ „რედისონის“ მხრიდან ოპერის მიმართულებით მიმავალ ორ ბიჭსა და ორ გოგოს მოულოდნელად თავს დაესხა პლასტმასის ბოთლებითა და ჯოხებით შეიარაღებული ათამდე მოზარდი, რომლებიც ბიჭებს „პიდარასტებს“, გოგონებს კი „ლესბიანკებს“ უწოდებდნენ და ჯოხით სცემდნენ.

 

ოთხ პირზე აგრესიული მოზარდების თავდასხმის მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბიჭის გრძელი თმა გახდა: დევნის დროს მოზარდებმა განსაკუთრებული აგრესია მის მიმართ გამოიჩინეს. „შენი გრძელთმიანი პიდარასტი დედას შევ***“, - ყვიროდნენ მოზარდები.

 

ოთხმა პირმა თავს გაქცევით უშველა და „სმარტში“ შევარდა, თუმცა მოზარდები მათ თან შეჰყვნენ და აგრესიული ქმედება გააგრძელეს, რასაც „სმარტის“ პერსონალის მხრიდან ღილაკ „განგაშის“ ჩართვა მოჰყვა. ამის შემდეგ აგრესიულ მოზარდთა უმრავლესობა გაიქცა, ხოლო განგაშის შემთხვევის გამო ადგილზე რამდენიმე წუთში მისულმა დაცვის პოლიციის შეიარაღებულმა ჯგუფმა ორი ეჭვმიტანილი დააკავა და თითქმის პარალელურად მოსულ საპატრულო პოლიციას გადასცა.

 

ამ წუთებში „სმარტის“ წინ იმყოფებიან როგორც დაზარალებულები, ასევე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი მოზარდიც. პოლიცია მის მეურვეებთან დაკავშირებას ცდილობს და მომხდარი ფაქტის შესახებ ოქმს ადგენს. დაზარალებულებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს. ასევე არ აკეთებენ კომენტარს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც. 

ფოტო გადაღებულია შემთხვევის ადგილზე, "აფხაზეთის ხმის" კორესპონდენტის მიერ.

რუსთაველის გამზირზე დაპირისპირების რამდენიმე კერა დაახლოებით 15:00 საათამდე არსებობდა

ამ დროისთვის თბილისის ცენტრში, სხავადასხვა წერტილებში მომხდარი რამდენიმე ინციდენტის შედეგად  17 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი პოლიციელია. 12 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი.  დაახლოებით 40 წუთის წინ რუსთაველის გამზირზე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, თუმცა, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

„შსს მოუწოდებს მოქალაქეებს დაიშალონ, ანუ ნუღარ დაიკავებენ ცენტრალურ მაგისტრალებს“, - ამის შესახებ განცხადება „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გააკეთა.

 

ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ მოგვიანებით, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ შსს ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ამასთან, კითხვაზე, რა აზრისაა სახალხო დამცველის განცხადებაზე, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ კორდონი ვერ შეინარჩუნა, გიორგობიანმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

რუსთაველის გამზირზე მივიდა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, თუმცა, მისი პოზიციის გამო მას ანტიაქციის მონაწილეები აგრესიულად შეხვდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ შემთხვევის ადგილს კორდონის თანხლებით გაარიდა.

 

რუსთაველზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული, დაშავებულებს ადგილზე უტარდებათ პირველადი სამედიცნო დახმარება.

 

აქციის მონაწილეებმა კოლმეურნეობის მოედნიდან ორთაჭალამდე, რესტორან ,,კრწანისამდე“ სდიეს, შემდეგ კი უკან მობრუნდნენ ,რადგან გზად პოლიციამ მოახერხა და ფონიჭალაში, ქალაქგარეთ, ფონიჭალის ტერიტორიაზე ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს "იდენტობის" წევრები, ლგბტ პირები და აქციის სხვა მონაწილეები.

 

დაზიანებულია ყვითელი ავტობუსები, რომელთაც ლგბტ აქციის მხარდამჭერები გადაჰყავდათ, მათ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის გამართვის მოწინააღმდეგეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე ქვები დაუშინეს. დაზიანდა მანქანები, რომლებიც პარკირების ადგილზე იდგნენ. სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების ცნობით, აგრესიული მოქალაქეები ჯოხებით დარბოდნენ, მაღაზიებში შედიოდნენ და ლგბტ პირებს ეძებდნენ.

 

კოლმეურნეობისმოედანზე დაპირისპირებისას 15 ამდე ადამიანია დაშავებული, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფეხი აქვს მოტეხილი და ე. წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაჰყავთ. დაშავებულთა ნაწილი გადაყვანილია სამედიცინო დახმარების პუნქტებში. დაშავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან. სასტიკადაა ნაცემი „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი თინა თაყაძე, დაშავდა რადიო „ფორტუნას“ ჟურნალისტი ხატია კალანდაძე.

 

დაპირისპირების დროს დაშავდნენ პოლიციელები. ერთ-ერთი დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა გართულდა და კოლეგებმა იგი პირველი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

„გავეშებულმა ბრბომ გამოანგრია პოლიციის კორდონი და რაც მე იქ მერე ვიხილე, ეს იყო ძალადობის დღესასწაული - ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლა იქცა ძალადობის დღესასწაულად“, -

 

ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიციამ ვერ შეძლო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა:

 

„ამისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შს სამინისტროს პირველ პირს, რომელმაც ვერ დაგეგმა ოპერაცია. რუსთაველზე არ იყო საკმარისი რაოდენობით პოლიციელი, რითაც მინისტრმა საფრთხეში ჩააგდო არამარტო აქციის მონაწილეები, არამედ თავისი პოლიციელებიც.

 

ეს არ იყო არავითარი გეი-აღლუმი, როგორც ამას ბევრი აცხადებს, ეს იყო სექსუალური უმცირესობის მიმართ ძალადობის პროტესტი, თანაც, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები არც მისულან: ისინი პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ. რაც შეხება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, ის იყო უკანონ, ვინაიდან კანონით მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული აქციის გამართვა ამა თუ იმ ადგილას, როცა იქ სხვა აქცია არ არის დაანონსებული.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ასევე უმრავლესობას, რომელსაც საკუთარ რიგებში ჰყავს აგრესიული პირები, ვინც ძალადობას ამართლებს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ სიტუაცია პუშკინის სკვერთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც 17 მაისის ანტიაქციის წევრებმა თავისუფლების მოედანთან არსებული პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პუშკინის სკვერში შეიჭრნენ. ანტიაქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც პარლამენტის ყოფილ შენობასთან მისვლა გადაიფიქრეს და ფლეშმობს პუშკინის სკვერში მართავდნენ. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავა.

 

რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახური

 

შენიშვნა: გამოყენებულია "ტაბულას" ფოტო

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !